logo
ENG



ბესელია: შოთაძის არჩევა ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება

18 თებ 202007:40
3 წუთის საკითხავი
 

გენერალური პროკურორის დამტკიცება პარლამენტს დღეს ხმაურისა და პიკეტის ფონზე მოუწევს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბებიან და გენერალური პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გააპროტესტებენ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე მუდმივ დისკომფორტში იქნება. 

„პარლამენტის პიკეტირებას ვაპირებთ ისე, როგორც ვაპირებდით წარსულში. ჩვენ ვაპირებთ იმ ინტენსივობით გავაგრძელოთ აქციები, რა ინტენსივობითაც ჩავთვლით საჭიროდ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ რაიმე ღონისძიებას, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ დარჩება ღონისძიების გარეშე. მას კომფორტულად არჩევნებამდე მისვლის საშუალება არ მიეცემა“, - განაცხადა ბობოხიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას კი მიაჩნია, რომ შოთაძის დანიშვნა, შესაძლოა, ოპოზიციონერებმა პარლამენტის დარბაზშიც გააპროტესტონ.

„არ გამოვრიცხავთ, რომ რამდენიმე დეპუტატმა ინდივიდუალურად გავაპროტესტოთ შოთაძის დანიშვნა ასევე პლენარულ დარბაზს შიგნით. ვფიქრობთ, რომ შოთაძის ხელახლა დანიშვნა არის საზოგადოებისთვის სილის გაწვნა. გვინდა პარლამენტის წევრებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რაოდენ სამარცხვინო გადაწყვეტილებას იღებენ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია კი, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით, შოთაძის დანიშვნა უკანგადადგმული ნაბიჯია.

„პროტესტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოყვა განაპირობა იმან, რომ სასამართლოსა და მოსამართლეების არჩევის დამაზიანებელი პროცესის შემდეგ, ეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა“, - აცხადებს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა.


close დახურვა