logo
ENG



ბესელია - თუ კითხვების დასმის საშუალება არ მექნება, კენჭისყრაზე სტატისტის როლში ყოფნა არ მინდა

22 აპრ 202013:56
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, პლენარულ ხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს განიხილავენ, პროცედურის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

ბესელიას განცხადებით, სხდომაზე კითხვების დასმა გათვალისწინებული არ არის, რაც მისთვის მიუღებელია. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„არასწორად მიმაჩნია პროცედურა და ფორმატი, რომლითაც ხდება განხილვა. თქვენ გახსოვთ, როდესაც 1 თვის წინ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე ვმსჯელობდით, იქ კითხვები დაისვა. თუ ჩავხედავთ იმ მუხლს, რომელიც არც თუ ისე გამართულად გამოიყურება, გარკვევით ეს მაინც წერია, რა გამონაკლისი წესები არსებობს საგანგებო მდგომარეობის დროს. იმ ჩამონათვალში არსად არ წერია რომ არ შეიძლება კითხვების დასმა. იქ წერია, რომ არ შეიძლება კამათი, უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი აქ და გამონაკლის შემთხვევაში უდნა წარმოადგენდეს მას სხვა უფლებამოსილი პირი. უფრო მეტიც, ასე რომ თუ ჩვენ არ ვართ ფორმალურად აქ რაოდენობის თვალსაზრისით და უნდა მივიღოთ გაცნობიერებული გადაწყვეტილება, დავუჭიროთ თუ არა გაგრძელებას მხარი და იმ შეზღუდვებს, რომელზეც 1 თვის წინ მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარეს სხვა პოზიცია ჰქონდა და პრემიერს სხვა. მინდოდა სხვა კითხვებიც დამესვა, რაც პარასკევს უნდა გავიგოთ და დღეს არ ვიცით, რა არის იქ ისეთი რომლითაც ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა ჩვენც ავიღოთ როცა შეზღუდვებზეა საუბარი. თუ  ეს არ ვიცით რა ელოდება ხვალ ამ ქვეყანას და მოქალაქეებს, რა კონკრეტული ხედვა აქვთ, უბრალოდ სტატისტის როლში ყოფნა კენჭისყრის დროს, მე პირადად არ მინდა, თუ არ მექნება შესაძლებლობა კითხვების დასმის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე მსჯელობენ. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. 


close დახურვა