„დაფიქრდით კიდევ ერთხელ ვის ირჩევთ უზენაეს სასამართლოში უვადოდ“, - ეს მიმართვა კოლეგების მიმართ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კენმჭისყრასთან დაკავშირებით გააკეთა. პროცესი პარლამენტში ხვალ გაიმართება.
ეკა ბესელიამ დეპუტატებს ბროშურები დაურიგა, სადაც უვადო მოსამართლეობის კანდიდატების ბიოგრაფიებია მოცემული.
„როცა ამბობენ, რომ წარსულს ემიჯდნებიან და ებრძვიან ძალადობრივ სისტემას, ესენი არიან ამ ძალადობრივი სისტემის შემოქმედები, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ ვის აძლევენ ხმას“, - განაცახდა ეკა ბესელიამ.
ბესელია პარლამენტს, უვადო მოსამართლეობის 20-კაციანი სიის ჩააგდებისკენ მოუწოდებს.
საპარლამენტო უმრავლესობაში თვლიან, რომ სიის ჩაგდება ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაციაა და აცხადებენ, რომ სიის ჩაგდება, სასამართლო სისტემის ჩამოქცევას გამოიწვევს.
„ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ სია მართლა ჩავარდეს, უზენაესი სამსამართლო გაჩერდება და შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები?! ჩამოიქცევა სასამართლო სისტემა და ამას არ მალავენ. ამბობენ, რომ სია უნდა ჩავარდეს, "რუსთავი 2-ის" საქმეზე ჩარეცხეს უზენაესი სასამართლო, რომელზეც გუშინ სტრასბურგმა თქვა, რომ უზენაესი სასამართლო ყოფილა მართალი. ამ სასამართლოს ებრძვიან, უნდა ჩამოიქცე და გაჩერდეო“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების სრულად დაკომპლექტებას, ამ მოწვევის პარლამენტში ვერ შეძლებენ.
„მთლიანად ვერ დავაკომპლექტებთ ამ მოწვევის პარლამენტში, მეორე მნიშნელოვანი მოლოდინი ისაა, რომ სასამართლო შეინარჩუნებს დამოუკიდებელობის იმ ხარისხს, რომელიც ყველა საერთშორისო რეიტინგით უმაღლეს დონეზეა შეფასებული და ქართული საზოგადოება ზუსტად გაანალიზებს ამის ალტერნატივას. ეს არის განუხილველი საქმეები, სასამართლოს მოშლა სტაბილურობის დანგრევა“, - განაცხადა ვოლსკიმ.