logo
ENG



ბიზნეს წილები და კომერციული ფართები - ვინ არის სებ-ის საბჭოს ახალი წევრი ნანა ყეინიშვილი

23 სექ 202321:26
3 წუთის საკითხავი
 

7-სართულიანი სასტუმრო ძველ თბილისში, მიწები თბილისში, კოჯორში, ლისზე, სახლები, ბინები, კომერციული ფართები და ბიზნეს წილები - შაბათის ფორმულამ ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის, ნანა ყეინიშვილის ფინანსური დეკლარაცია და წარსული შეისწავლა.

წითელი ჯვრის ყოფილი ხელმძღვანელის და ყოფილი დეპუტატის სახელს უკავშირდება აფრიკული ბიზნესიც, რომლის ფარგლებშიც ის ოქროს მოპოვებით იყო დაკავებული.

ყეინიშვილის CV-ის მიხედვით ის პროფესიით ხილბოსტნეულის შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგია. ძველ თბილისში 7-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი ნანა ყეინიშვილის საკუთრებაა. ყოფილმა დეპუტატმა და ახლა უკვე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, შენობა, რომლის ღირებულებაც რამდენიმე მილიონია, გასულ წელს ააშენა.

7-სართულიანი შენობა ნანა ყეინიშვილმა წელს კომპანიას მიაქირავა და ამჟამად იქ 35-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს. ყოფილი დეპუტატი წილებს ფლობს და დირექტორია 10-მდე კომპანიაში. ქონების ნაწილი ნანა ყეინიშვილს საკუთარ ნათესავებზე აქვს გადაფორმებული. მაგალითად, კოჯორში 3-სართულიანი საზაფხულო აგარაკი აუზით ყეინიშვილმა მის ნათესავს რამდენიმე წლის წინ გადაუფორმა.

ეროვნული ბანკის საბჭოს ახლადარჩეულ წევრს უძრავი ქონების რეესტრში რამდენიმე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი უფიქსირდება.

შაბათის ფორმულას ცნობით, 2010 წელს რუსულ წყაროებში გამოქვეყნებული სტატიის მთავარი გმირები სათაურით "გაქცევა აფრიკაში ქართული დემოკრატიისგან" სწორედ ნანა ყეინიშვილი და მისი ყოფილი მეუღლე, უზურმაგ ქარქუსოვი არიან. საჯარო წყაროებში იძებნება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქარქუსოვი და ყეინიშვილი აფრიკის კონტინენტზე, კონკრეტულად კი განაში, ოქროს მოპოვების ბიზნესში იყვნენ ჩართული. უზურმაგ ქარქუსოვი, ნანა ყეინიშვილის ყოფილი ქმარია. ქარქუსოვი წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, სავარაუდოდ, რუსეთთან საეჭვო კავშირების გამო კი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ქარქუსოვი ივანიშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო, დაინიშნა პრიმაკოვის ფონდის თავმჯდომარედაც.  2016 წელს ცოლთან ერთად, რომელიც ქართული ოცნებიდან უკვე წამოსული იყო, სახალხო პარტია სახელწოდებით "ჩვენები" დააარსა.

ყეინიშვილის ოჯახი პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა. ქარქუსოვის ძმები 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. აგვისტოს ომის შემდეგ ორივე მათგანმა დატოვა საქართველო. ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს ყეინიშვილის ორივე მაზლს პოლიტიკურად დევნილის სტატუსი მიანიჭა. განათლებასთან დაკავშირებულ საეჭვო გარემოებებთან ერთად, ნანა ყეინიშვილის სახელი ფიგურირებს საქართველოში წითელი ჯვრის საქმიანობასთან. წლების განმავლობაში ის ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა და არაერთი ბენეფიციარის მომდურებაც მოასწრო.

ყეინიშვილს წითელი ჯვრის ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი თანხების და პროდუქტის მითვისებაში ადანაშაულებდნენ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც ითხოვდნენ-დამატებითი კითხვები გაჩნდა, მას შემდეგაც, რაც მან ორგანიზაცია დატოვა, წითელ ჯვარში კი მისი შვილი, ნათია ლოლაძე დანიშნა, რომელიც ამ დრომდე წითელი ჯვრის პრეზიდენტის პოსტზეა.


close დახურვა