"პროგნოზების გაკეთება თუ როგორ განვითარდება მოვლენები რთულია",- ასე აფასებს "საქართველოს ბიზნესასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე კორონავირუსისგან გამოწვეულ მოსალოდნელ შედეგებს.
ვეფხვაძე ყურადღებას სხვადასხვა ფაქტორზე ამახვილებს. როგორც მან გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განმარტა, ეკონომიკა აუცილებლად დაზარალდება, თუმცა მნიშვნელოვანია მასშტაბი და მოცულობა.
"იმის თქმა, სადამდე წავა ეს პრობლემები და როგორ აისახება ეკონომიკაზე, პირდაპირ უკავშირდება ეპიდემიას. უფრო სწორად, რამდენ ხანს გასტანს ეს პანიკა და შიში; საზღვრების ჩაკეტვა, რამაც პირდაპირ დაარტყა ეკონომიკას, ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება. მოლოდინი იმისა, რომ ეს კიდევ გაღრმავდება და სხვა სფეროებსაც ჩაითრევს, მათ შორის მშენებლობას, იმედი ვიქონიოთ, რომ ასე არ მოხდება. მაგალითად, რესტორნების ბიზნესი პირდაპირ უკავშირდება იჯარას. ეს უკანასკნელი ქონებრივ ვალდებულებას, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ფინანსურ ვალდებულებებთან - ბანკებთან, ანუ ეს არის დიდი ჯაჭვი. იგივე ავტობაზრობასთან დაკავშირებული პრობლემები, საქართველო ამ მხრივ იყო რეგიონული ჰაბი და საზღვრის გაჩერება ნიშნავს, რომ ეს ბაზარი მთლიანად დაპაუზდება",-აღნიშნა ვეფხვაძემ.