არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანის" წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ცარიელი ქვაბები მიიტანეს. მათი თქმით, ამ პერფორმანსით გააპროტესტეს ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს, მაშინ როცა მთავრობა კორუფციაშია ჩაფლული, რაც მოქალაქეებს კიდევ უფრო აღარიბებს. აქციის მოანწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
ორგანიზაციის წევრებმა ხელისუფლება პანდემიის პირობებში უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტების მიმართ უყურადღებობაშიც დაადანაშაულა. აქციის მონაწილეებს მთავრობისთვის ცარიელი ქვაბების დატოვება უნდოდათ, თუმცა მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშალება არ მისცა.
„ამ ხელისუფლებას სახელმწიფო მთლიანად გაძარცვული აქვს და ზუსტად ამით არის განპირობებული ის უსუსურობა, რომელიც არ იძლევა საშუალებას, ხალხს მეტ-ნაკლებად ღირსეული დახმარება აღმოვუჩინოთ ამ კრიტიკულ ვითარებაში. ეს ხელისუფლება ბიუჯეტის ვირთხების ხელისუფლებად ჩამოყალიბდა“, - აცხადებს „დაიცავი არჩევანის“ ხელმძღვანელი დავით ნებიერიძე.