logo
ENG



ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარედ სროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

06 ნოე 202018:06
3 წუთის საკითხავი
 
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარედ სროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარედ სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ა.რ. ის თბილისში დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენიმე გასროლა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ა.რ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 


close დახურვა