logo
ENG



ბლინკენი: არ არსებობს სცენარი, რომლის მიხედვითაც კიევი არ იმარჯვებს

07 აპრ 202209:25
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი: არ არსებობს სცენარი, რომლის მიხედვითაც კიევი არ იმარჯვებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთთან ბრძოლაში კიევი გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები ან რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა ის ვერ ხედავს ვერცერთ სცენარს, რომელშიც კიევი არ იმარჯვებს.

„მათი გამარჯვება საკუთარი ქვეყნის სუვერენულობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა. და არაა სცენარი, რომლის მიხედვითაც ეს დროთა განმავლობაში მაინც არ მოხდება. ამ პრობლემას შესაძლოა დრო დასჭირდეს, იმავდროულად კი უდიდესი სიკვდილი და ნგრევა მოიტანოს. მაგრამ აქ ყველაზე ძლიერი ისაა, რომ უკრაინელებმა ცხადყვეს, რომ ისინი თავს ვლადიმერ პუტინის ნებას არ დაუმორჩილებენ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ოთხშაბათს, the New York Times-მა პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების ჯგუფი აშშ-შია და ე.წ კამიკაძე დრონების მართვის წვრთნებს გადის.

Switchblade, ე.წ თვითმკვლელი/ კამიკაძე დრონები აშშ-ის ჯარმა ავღანეთში ბრძოლისას შექმნა. ის მხოლოდ 2.7 კგ-ს იწონის, ზურგჩანთაში ეტევა და მისი მართვა ერთ ჯარისკაცს შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის ფარგლებში 100 ერთეულ ამგვარ მკვლელ დრონებს გადასცემს.


close დახურვა