logo
ENG



ბლინკენი: აშშ-EU ეძებენ გზებს $300 მლრდ-ის რუსული აქტივების უკრაინაში გადასატანად

05 ოქტ 202310:07
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი: აშშ-EU ეძებენ გზებს $300 მლრდ-ის რუსული აქტივების უკრაინაში გადასატანად

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ და ევროკავშირი ეძებენ სამართლებრივ გზებს 300 მილიარდი აშშ დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინაში გადასატანად. შესაბამისი განცხადება ბლინკენმა ტეხასის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, თუ რუსეთს მისცემენ ნებას, გააგრძელოს იმის კეთება, რასაც უკრაინაში აკეთებს და ამისთვის არ დაისჯება, ეს იქნება სიგნალი სხვა ქვეყნებისთვის, რომ გამოიყენონ აგრესია და ამით "მსოფლიოში კონფლიქტების პანდორას ყუთი გაიხსნება".

ბლინკენი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ამერიკას მოუწევდა კონფლიქტში ჩართვა და ეს ბევრად ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა.

"ჩემი აზრით, თუ რამე გააფუჭე, მაშინ უნდა გადაიხადო. და თუ რუსებმა გააფუჭეს, მაშინ მათ უნდა გადაიხადონ. ამის გაკეთების ერთ-ერთი ხერხი სწორედ ამ აქტივებზე გადის. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამისთვის არსებობს იურიდიული საფუძველი. რადგან ამ აქტივების დიდი ნაწილი ევროპაშია, ევროპელები უნდა დარწმუნდნენ, რომ ამის იურიდიული საფუძველი არსებობს", - თქვა ბლინკენმა.

მისივე თქმით, უკრაინის აქტიურ მხარდაჭერაში 50 ქვეყანა მონაწილეობს.


close დახურვა