აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დააანონსა აშშ-ის, ევროკავშირის და ბრიტანეთის ერთობლივი ჯგუფის შექმნა, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულებს დოკუმენტურად აღრიცხავს.
ახალი მექანიზმი, რომელსაც ACA - Atrocity Crimes Advisory Group - სასტიკი დანაშაულების მრჩეველთა ჯგუფი ჰქვია, უკრაინის გენერალურ პროკურატურას ოპერატიული საქმიანობით და სტრატეგიული რჩევებით დაეხმარება.
"მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ჩვენი პარტნიორები უკვე ვწევთ საერთაშორისო ძალისხმევას, რათა დადგინდეს სისასტიკის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირები, ომის დანაშაულებში პასუხისმგებელი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებაში გადამწყვეტ როლს სწორედ უკრაინის გენერალური პროკურატურა ითამაშებს.
ACA დაკავშირებული იქნება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან, ვინაიდან სწორედ ის არის პასუხისმგებელი აშშ-ის სასამართლოებთან მიმართებაში".- თქვა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნისვე თქმით, ACA ასევე უზრუნველყოფს საერთაშორისო პროკურორების და იმ სამხედრო დანაშაულების ექსპერტების გუნდის დაფინანსებას, რომლებიც უკვე კონფლიქტის რეგიონში იმყოფებიან.
23 მაისს უკრაინის სასამართლომ 21 წლის რუს ჯარისკაცს, ვადიმ შიშიმარინის ომის დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად უიარაღო კაცის მოკვლა ედება. შიშიმარინი ჯერჯერობით ერთადერთი რუსი სამხედროა, რომელიც ომის დანაშაულისთვის გაასამართლეს.