აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გასულ კვირას რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდა და უთხრა, რომ უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე არაფერი გადაწყდება
"მე მივესალმები უკრაინის მტკიცე გადაწყვეტილებას ვითარების მშვიდობიანად გადაჭრის შესახებ და დაჟინებით მოვუწოდებ რუსეთს, მიმართოს დიპლომატიას, როგორც ერთადერთ გზას". - აცხადებს ბლინკენი.
I updated Ukrainian President @ZelenskyyUA today on our engagements with Russia last week and stressed there will be nothing about Ukraine, without Ukraine. I applaud Ukraine’s commitment to a peaceful resolution and urge Russia to pursue diplomacy as the only way forward. pic.twitter.com/A0cNX7k23m
დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში კი ნათქვამია:
"ჩვენ ვრჩებით დიპლომატიის ერთგულნი, მაგრამ მზად ვართ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, რუსეთს სერიოზული ფასი გადავახდევინოთ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამს".
Good to meet with @DmytroKuleba while in Kyiv to stress unwavering U.S. support for Ukraine. We remain committed to diplomacy, but are ready, in coordination with Allies and partners, to impose severe costs for further Russian aggression against Ukraine. pic.twitter.com/JVSietYBvZ
***
უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.
12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით.
თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.
პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება.
ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს.
ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია.
გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.