აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის კორუფციული და უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო სანქციები დაუწესა. ამიერიდან, კოლომოისკის აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება.
"დღეიდან უკრაინის ყოფილ ხელისუფალს იგორ კოლომოისკის უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული კორუფციული ქმედებების გამო აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას", - აცხადებს ბაიდენის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
კოლომოისკი უკრაინაში რიგით მესამე უმდიდრესი ადამიანი და დნიპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორია. ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ კოლომოისკის წინააღმდეგ გამოძიება 2019 წელს ფინანსური დანაშაულებისთვის დაიწყო.