logo
ENG



ბობოხიძე: მივიღებთ კიდევ უფრო აქტიურ ხოშტარიას, კონფლიქტი არ ყოფილა

28 დეკ 202012:53
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიასა და პარტიის სხვა წევრებს შორის კონფლიქტი და დაპირისპირება არ ყოფილა. ამის შესახებ მან ხოშტარიას პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით, ფორმულას გადაცემა კომენტარში ისაუბრა.

ბობოხიძე ამბობს, რომ ელენე ხოშტარია კიდევ უფრო აქტიური იქნება.

"მე თავისუფლად ვისაუბრებდი ამ თემაზე, უბრალოდ ელენეს ვუტოვებ იმის უფლებას, რომ თავის გადაწყეტილებაზე მან პირველმა ისაუბროს. არანაირი პრობლემას და უხერხულობას არ მიქმნის მაგ თემებზე ლაპარაკი, რომ არა ეგ მომენტი, რომ ელენეს აქვს უფლება, პირველმა ისაუბროს თავის გადაწყვეტილების და გეგმების შესახებ, არ მინდა, მას ეს პირველობა წავართვა.

არანაირი განხეთქილება, არანაირი აზრთასხვადასხვაობა, ყველაფერი არის კარგად და ყველაფერი იქნება მშვიდობიანად და რაც მთავარია, მივიღებთ კიდევ უფრო აქტიურ ელენე ხოშტარიას და არა პოლიტიკიდან წასულს და დაშორებულს", - თქვა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხოშტარია განცხადებას პარტიის ოფისში გააკეთებს და არა ქუჩიდან ან წერილობით.

"სიტყვა მიზეზებზე უფრო მეტად ვიხმარდი სიტყვა მიზნებს. მიზნები, რის გამოც ცვლილებები მოხდება და ამას შევიტყობთ, ამაზე ელენე ისაუბრებს. მნიშვნელოვანი და სიმპტომატურია, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, რომ ელენე ხოშტარია არც წერილობით ურთიერთობს პარტიასთან და არც ქუჩიდან არ აკეთებს განცხადებას, პარტიის ოფისში ხდება ყველა პროცესი", - აღნიშნა ბობოხიძემ.

ბობოხიძე ამბობს, რომ ხოშტარიას წასვლა პარტიისთვის "მთლად სასიამოვნო" არ არის, თუმცა, მასთან აქტიური და მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ.

დღეს, 28 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ელენე ხოშტარია ევროპულ საქართველოს ტოვებს. ოფიციალურ განცხადებას ხოშტარია 15:00 საათზე, პარტიის ოფისში გააკეთებს.


close დახურვა