ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს წესი, როდესაც არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობას პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობაც აიღებს.
ამის შესახებ ბობოხიძემ გადაცემა კომენტარში, პარტიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო შედეგებით კმაყოფილი არ არის და ამასთან ერთად, ცვლილებების განხორციელებას წესდებაც ავალდებულებთ.
"ცვლილებები როგორი იქნება ძალიან მალე ვნახავთ. ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ღონისძიებები ჩასატარებელი, პირდაპირ შედეგები გვიკარნახებს რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. გარდა ამისა, ბუნებრივია, ევროპული საქართველო არ არის შედეგებით კმაყოფილი და ზოგადად, ქვეყანაში ვფიქრობთ, რომ უნდა დამკვიდრდეს წესი, როცა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობაც თავიანთ პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ფორმით იღებენ შედეგებზე", - განაცხადა ბობოხიძემ.
ევროპულ საქართველოში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საზოგადოება ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს სამ დღეში შეიტყობს.