logo
ENG



ბობოხიძე: ქართული ოცნება ამ საარჩევნო სისტემითაც მწარედ დამარცხდება

24 თებ 202008:50
3 წუთის საკითხავი
 

გაერთიანებული ოპოზიცია პოზიციებს არ თმობს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე არ მიდის. საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ბოლო კვირის ათვლა დაიწყო.

ოპოზიციის წევრების თქმით, „ქართული ოცნება“ კარგად იცნობს ოპონენტების  მოთხოვნებს და ისიც კარგად იცის თუ რა შემთხვევაში განახლდება მოლაპარაკებები. მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა დააკევეს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოლაპარაკებები მმართველ გუნდთან შეწყვიტა. 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, მმართველმა გუნდმა მინიმუმ ორი ძირითადი მოთხოვნა უნდა შეასრულოს, რათა მოლაპარაკებების პროცესი ადგილიდან დაიძრას.

„ქართველი ხალხი მოითხოვს საარჩევნო სისტემას, რომელიც მისცემს მას შესაძლებლობას, ხელისუფლება დააკომპლექტოს ხმების უმრავლესობისს მქონე პოლიტიკურმა ძალამ. ამიტომ, ნებისმიერ შემოთავაზებას სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, ესაა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესი, რაც გულისხმობს პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ეს აუცილებელი პირობაა, რათა ნულოვანი წერტილიდან დავძრათ მოლაპარაკებები“, - განაცხადა სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

„ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დრო იწურება, მაგრამ ეს დრო "ქართული ოცნებისთვის" იწურება. ჩვენ გვინდოდა პოლიტიკური გარემოს სტაბილურობისთვის მიგვეღწია. "ქართული ოცნების" დამარცხდება არსებული სისტემითაც და მოხერხდება გაცილებით უფრო მწარედ. ამიტომ, "ქართული ოცნება" უნდა დაფიქრდეს და ათვალოს ის დრო, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად ჭირდება. ჩვენი შეთავაზება იციან. ჩვენ დავთანხმდებით თუ არჩევნების შედეგი პროპორციულთან ახლოს იქნება“, - განაცხადა ბობოხიძემ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ოპოზიცია დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„მათი გადასაწყვეტია არიან თუ არა მზად, ამხელა საერთაშორისო და შიდა ზეწოლის ქვეშ, გადადგან დათმობისკენ ნაბიჯი. დათმობა არ შეიძლება იყოს ცალმხრივი. პირობა მათ შეცვალეს. დაპირება ქონდათ პროპორციული საარჩევნო სისტემა. სწორედ მათ უნდა გადადგან შემხვედრი ნაბიჯები“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.

ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, „ფორმულას“ ინფორმაციით, 11 თებერვალს უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.

თუმცა, ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს. როგორც ისინი აცხადებენ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგი ხელისუფლებამ მაშინ ჩაშალა, როდესაც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა სამწლიან პატიმრობაში გაუშვა. 

ამ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 2020 წელს არჩევნები 100/50 პროპორციით გაიმართება, 2024 წლისთვის კი საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. თალაკვაძის თქმით, თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ დათანხმდება, მომავალი არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით ჩატარდება. 

მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს ინდივიდუალური შეხვედრებიც შესთავაზა. „ქართული ოცნება“ მზადაა პირისპირ შეხვდეს ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას და 2020 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ესაუბროს.

 


close დახურვა