logo
ENG



ბობოხიძე მაჟორიტარულ საარჩევნო ოქლებზე: შევთანხმდით ყველა რეგიონზე

11 მარ 202017:10
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო ოლქების თანაბარ გადანაწილებაზე მოხდა შეთანხმება.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, შეთანხმება აბსოლუტურად ყველა რეგიონზე მოხდა.

„ქართულ ოცნებასთან შედგა შეხვედრა, რომელსაც ბატონი კობახიძე წარმოადგენდა. პრაქტიკულად, შევთანხმდით აბსოლუტურად ყველა რეგიონზე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თბილისი, სადაც 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება“, - განაცხადა ბობოხიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა კი მიიჩნევს, რომ ოლქების გადანაწილება ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე უნდა მოხდეს.

„ოლქების სამართლიანი გადანაწილება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო შეთანხმების ნაწილი. იქ ნახსენებია, რომ ოლქების გადანაწილება უნდა მოხდეს ვენეციის რეკომენდაციის საფუძველზე. ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის საფუძველზე. იმედია, მივიღებთ სამართლიანად გადანაწილებულ 30 ოლქს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის დავით უსუფაშვილის თქმით, მოლაპარაკებები სუფთა ფურცლიდან დაიწყო.

„დავიწყეთ სუფთა ფურცლიდან. ავიღეთ საქართველოს ქალაქები და რაიონები და მათში არსებული მაცხოვრებელთა რაოდენობა. ავიღეთ მოცემულობა, რომ 30 ოლქი უნდა იყოს. თბილისში იქნება 8 ოლქი“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება. 

გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს.


close დახურვა