logo
ENG



ბოკერია: ელჩი ბაქრაძე ​უტიფარი და ბრიყვია, სისულელეს ამბობს და თავის თავს პატივს არ სცემს

19 ნოე 202017:38
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/19/kbhbd1azn48i8hg.jpg

"ბატონი ბაქრაძე ისეთი უტიფარი და ბრიყვია, რომ ასეთ სისულელეს ამბობს და საკუთარ თავს არ სცემს პატივს", - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციის შეხვედრასთან დაკავშირებით.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, შეხვედრა იმის გამო შედგა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს პარტიების წარმომადგენლებთან დამატებითი გასაუბრება სურდათ.

"ამ სისულელეზე სერიოზულ პასუხს არ გაგცემთ. ბატონი ბაქრაძე ისეთი უტიფარი და ბრიყვია, რომ ასეთ სისულელეს ამბობს და საკუთარ თავს არ სცემს პატივს. თვითონ რაც თქვეს ის არის, რომ მათ უნდოდათ დამატებითი გასაუბრება საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ამისთვის გაკეთდა ეს შეხვედრა", - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 ნოემბერს, ელჩმა დავით ბაქრაძემ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერის საქართველოში დარჩენასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა. მან თქვა, რომ რიკერის ვიზიტი არ ყოფილა დაგეგმილი ახლო აღმოსავლეთში, სადაც მაიკ პომპეო გაემგზავრა და ის საქართველოში ამის გამო დარჩა.

"ბატონი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რიკერი ფარავს იმ საკითხებს რაც ევროპასა და ევრაზიას მოიცავს. როდესაც ვიზიტი გაგრძელდა ახლო აღმოსავლეთში, ის უბრალოდ დარჩა და აქედან გაბრუნდა ვაშინგტონში. ეს განსაზღვრული იყო, რომ ამ პერიოდით რჩებოდა", - განაცხადა ბაქრაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველო გუშინ, 18 ნოემბერს დატოვა. პომპეო ოპოზიციას არ შეხვედრია, თუმცა მათ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი შეხვდა.

ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და მისი მოთხოვნებიც უცვლელია - ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება. 


close დახურვა