ამ წუთებში მცხეთის მერიასთან ოპოზიციური პარტიის წევრები და პარტიის აქტივისტები აქციას მართავენ. ოპოზიციის წევრები 2 დეკემბერს მცხეთაში მომხდარ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ. როგორც აქციაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, 2 დეკემბერს პოლიციამ კონტრ-აქციის წევრებს ძალადობაზე მწვანე შუქი მისცა.
„ამ ხალხს გუშინ მწვანე შუქი მისცეს რომ ეძალადათ ახალგაზრდებზე. ღიად ხდება ეს ყველაფერი და ამისთვის ყველა აგებს პასუხს, ვინც ამას ხელმძღვანელობს. ვისაც არ უნდა ივანიშვილს ჩაყვეს, დროზე უნდა გამოფხიზლდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ ძალადობა ხელისუფლება უკან დაუბრუნდება.
„მე მაინტერესებს, რატომ ემსახურება საქართველოს პოლიცია ივანიშვილს? სირცხვილი ახალგაზრდებს რომ სცემთ. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ვინც ახალგაზრდებზე იძალადა, არც ერთი არაა დაკავებული. ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, ეს ძალადობის ზამბარა ცხვირში მოგხვდებათ“, - განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობების „გაბედე“, „შეცვალესა“ და „ქვეყნის სამსახურში“ აქცია გაიმართა, რასაც მმართველი პარტიის კონტრ-აქცია დაუპირისპირდა. აქციის შედეგად კონტრ-აქციის მონაწილეებმა რამდენიმე პირს სცემეს და ისინი სხავდასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.