logo
ENG



ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალი საფრთხე ქვეყნის, მედიის, ხალხის წინააღმდეგ მზარდია

15 სექ 202123:23
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალი საფრთხე ქვეყნის, მედიის, ხალხის წინააღმდეგ მზარდია

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ საფრთხე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის ქვეყნის, მედიის, ხალხის წინააღმდეგ, მზარდია. 

ის ქარელში ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან მთავარი არხის ოპერატორის გადმოგდების ფაქტს ეხმაურება. 

ის, რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორ სახიფათო ძალად იქცა ივანიშვილის მიერ შექმნილი მართველი პარტია იმ ისტერიულ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი არიან, იმისდა მიუხედავად, უშუალოდ როგორ მოხდა ოპერატორის ჩამოვარდნა კიბიდან თუ მეორე სართულიდან. ის, რაც ვიხილეთ: ფიზიკური აგრესია, ზოგადად უაგრესიულესი დამოკიდებულება და ფიზიკური ძალის გამოყენება, ივანიშვილის რეჟიმი ყოველ დღე გვიმტკიცებს, რომ იქცა ძალად, რომლისგან მომდინარე საფრთხეც ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდია". - თქვა გიგა ბოკერიამ. 

მთავარი არხის ოპერატორი, ლევან აბლოთია ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან დღეს, 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე გადმოაგდეს. 

მასთან ერთად ჟურნალისტი ბექა ყორშია მუშაობდა. 

ის ყვება, რომ მათ ქარელის მერის ჩაწერა სურდათ, თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"გვინდოდა, ჩაგვეწერა. რამდენიმე კითხვა გვქონდა ზაზა გულიაშვილსა და მასთან დაკავშირებულ ბოლო ამბებზე - რომ ის არის სუს-ის აგენტი. განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინეს, როცა მე ამაზე კითხვა დავსვი. ამის შემდეგ მოხდა, რომ გარეთ გამოგვაძევეს. მეც მომხვდა ხელი, მაგრამ ჩემზე უხერხულიც კია ლაპარაკი. ოპერატორი ლევან აბლოთია მეორე სართულიდან გამოადგეს. არ ველოდი, რომ გადარჩებოდა საერთოდ. რამდენიმე წამით გაითიშა. აზრზე როცა მოვიდა, თქვა, ზურგს ვერ ვგრძნობ, ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებო. სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ". - ამბობს ბექა ყორშია. 

მისივე თქმით, მათ მიმართ ძალადობაში 4-5 ადამიანი მონაწილეობდა. 

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, აბლოთიას "მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს, ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით კი ამ ტექნიკით არაფერი ჩანს". 

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უარყო, რომ მთავარი არხის ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადააგდეს. 

მისი მტკიცებით, ლევან აბლოთია შენობიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და გადავარდა. 


close დახურვა