„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პროტესტიც და დიალოგიც გაგრძელდება იქამდე, სანამ საზოგადოება საარჩევნო სისტემის შესახებ დაპირებულ ცვლილებას არ მიიღებს.
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრებს არც ერთ კითხვაზე არ ჰქონდათ პასუხი.
„პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც დაჰპირდა ივანიშვილი და მისი გუნდი. რაც შეეხება ამ დიალოგს ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მომხრე ვართ ამ დიალოგის გაგრძელებისა. ფორმატი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. მათ შორის ის სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებიც არ მოიწვიეს, რომლებიც პროტესტის ავანგარდში იყივნენ, მაგრამ ჩვენ ივანიშვილის გუნდს არც ერთ საბაბს მივცემთ, რომელსაც ერთი სული აქვს, ეს ყველაფერი მოიშოროს და მერე ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალონ.
მმართველ გუნდს არც ერთ კითხვაზე არ აქვს პასუხი. წვალობენ საშინლად, მაგრამ ისინი იმსახურებენ ამ წვალებას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ წვალებას პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, მანამ სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. შეხვედრაზე ორი საკითხი იყო მთავარი - გერმანული მოდელი და გავრილოვის ღამეს დაკავებული პოლიტპატიმრები. ეს ორი საკითხი, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, არის საკვანძო, რომ ვილაპარაკოთ სიტუაციის ნორმალიზაციისკენ, ოღონდ არ ვაპირებთ ივანიშვილის მძევლად ყოფნას. რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ჩვენ ბევრი ვარიანტი შევთავაზეთ. უნდათ, რომ გავაგზავნოთ ნეიტრალურ არბიტრთან? პასუხი არის ან დუმილი, ან ბლა-ბლა. იწვალონ იქამდე, სანამ მათი უფროსი გონს არ მოეგება და მერე აქ შესრულდება საზოგადოებისთვის დადებული პირობა“, - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართა. თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საარჩევნო მოდელი იყო. ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ან ე.წ. გერმანულ მოდელს.
თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ე.წ. გერმნაული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები 2024 წლამდე არ გაიმართება.