logo
ENG



ბოკერია: მოლაპარაკების მაგიდიდან წავიდნენ ისინი და არა ჩვენ

18 თებ 202012:11
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მოწოდებას უპასუხა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების მაგიდიდან არ ამდგარან.

ბოკერიას თქმით, შეთანხმება მმართველ გუნდთან შედგება, ოღონდ არა საზოგადოების ინტერესების ხარჯზე.

„ზოგადად, შეშინებულები არიან. მე არ ვიტყოდი, რომ დღეს პროტესტის შეეშინდათ. თითონ ხომ ხვდებიან თუ რა სამარცხვინო მდგომარეობაში არიან. კარგი იქნებოდა საზოგადოება მეტის გაცნობიერებაში დახმარებოდა მათ, რომ გონს მოეგონ. უმწარესად დამარცხდებიან, ქვეყნისთვის ცუდ გზაზე დგანან. მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა დაბრუნდნენ ივანიშვილის გუნდი და მათი კლოუნები, როდესაც თქვეს, რომ არ უნდათ არანაირი კომპრომისი და პროპორციული არჩევნების გზით არ წავალთო. ივანიშვილს გონია, რომ დაჭერებით გადარჩება. როგორც კი გონს მოეგება და ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს, მაშინ დაუბრუნდებიან მოლაპარაკებას. ისინი წავიდნენ, ჩვენ არსად წავსულვართ. ჩვენ დაინტერესებული ვართ სიტუაციის განმუხტვით, მაგრამ არა საზოგადოების ინტერესების ხარჯზე. ამავდროულად, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირეით ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მმართველ გუნდთან შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების ამ სპექტს, ქვეყნის განვითარება და წინსვლა არ სურს.

მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.

ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, „ფორმულას“ ინფორმაციით, 11 თებერვალს უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.

თუმცა, ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს. როგორც ისინი აცხადებენ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგი ხელისუფლებამ მაშინ ჩაშალა, როდესაც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა სამწლიან პატიმრობაში გაუშვა. 

ამ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 2020 წელს არჩევნები 100/50 პროპორციით გაიმართება, 2024 წლისთვის კი საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. თალაკვაძის თქმით, თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ დათანხმდება, მომავალი არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით ჩატარდება. 


close დახურვა