logo
ENG



ბოკერია: პატივი უნდა მივაგოთ ადამიანებს, რომლებმაც დაიცვეს ქვეყნის დამოუკიდებლობა

07 აგვ 202112:12
3 წუთის საკითხავი
 

აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა.

ომში დაღუპულ ქართველ სამხედროებს მუხათგვერდის სასაფლაოზე პატივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მიაგეს. 

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ მათ გადაარჩინეს ქართული სახელმწიფოებრიობა, რისთვისაც მუდმივად ხსოვნას და პატივისცემას იმსახურებენ. 

"დღეს პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და საქართველოს მოკავშირეებს თავისუფალ სამყაროში მისცეს დრო იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა გადარჩენილიყო მაშინ. ამისთვის მათ ეკუთვნით მუდმივი ხსოვნა და პატივისცემა. ეს ხსოვნა გვავალდებულებს ჩვენ, რომ საფრთხე, რომელიც არ გამქრალა პუტინის რუსეთისგან, გავანეიტრალოთ და არასდროს დავუშვათ, რომ იარაღის გამოყენების გარეშე წაგვართვან ჩვენ შიგნით დამოუკიდებლობა". - თქვა ბოკერიამ. 

"ეს არის მძიმე დღე, როცა გვიწევს ჩვენი დაღუპული გმირების საფლავზე მოსვლა და პატივის მიგება. ამავე დროს შეუძლებელია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე არ აღივსოს სიამაყით, რომ ჩვენმა გმირებმა გააკეთეს ყველაფერი, რათა დაეცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა". - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს არ გამოჩენილან. ისინი არ ფიქრობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი 7 აგვისტოს, რუსეთმა დაიწყო. მათი შეფასებით, ომი დაიწყო 8 აგვისტოს, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის ჯარს ცეცხლი გაუხსნა. 

13 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 


close დახურვა