"უნდა ვისწავლოთ ასეთი კომპრომისები, როგორიც დღეს შედგა", - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც თბილისის დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება იყო იმის დემონსტრირება, რომ მიუხედავად მწვავე კამათისა, ოპოზიციურ პარტიებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება შეუძლიათ.
"ჩვენ გვჭირდება ყველგან გაზრდა შანსების, რომ პირველივე ტურში ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს და შევამციროთ რისკი იმ ნევროზული, შარიანი, ისტერიული ნაბიჯების, რომელიც პირველ და მეორე ტურს შორის შეიძლება გადადგას ივანიშვილის რეჟიმმა. ეს მარტივი არ არის, ამის ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა და ახლა იქმნება. ეს არის ამ ქვეყნის მომავალი. ევროპულ კოალიციაზე როდესაც ვლაპარაკობთ, და ქვეყნები მოგვწონს, სადაც მეტი თავისუფლებაა, ის რომ მოგვწონს, დიახ, იქ ასეთი რთული მოლაპარაკებების შედეგად ხდება ხოლმე ყველაფერი. ეპოქა, როცა ვიღაც ერთი კაცი, ან ერთი გუნდი ყველაფერს აკონტროლებს, ჩაბარდა წარსულს. საზოგადოების დაკვეთა ეს არ არის. ამიტომ უნდა ვისწავლოთ ასეთი კომპრომისები, როგორიც დღეს შედგა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში - გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.