„ფორმულას“ მიერ „ედისონ რისერჩისთვის“ დაკვეთილ კვლევას ოპოზიციური ლიდერები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გამოკითხვა საზოგადოების განწყობას მმართველი გუნდის მიმართ ზუსტად ასახავს. ამავდროულად „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ერთიანი სიით არ მიიღებს მონაწილეობას.
„არ განიხილება ერთიანი სიით გასვლა არჩევნებზე. ეს პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახლა „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში იმყოფებიან, ერთმანეთისგან ბევრ საკითხში განსხვავდებიან. პარტიულად ცალკლ-ცალკე მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. კოორდინირება იქნება მაჟორიტარებზე - ერთმანეთს არ დავუყენებთ კანდიდატებს. ეს იმისთვის, რომ ეროვნული ამოცანის ერთი ნაწილი გადავჭრათ - მშვიდად დავამარცხოთ ივანიშვილის ხელისუფლება პირველივე ტურში.
"ამის მერე იქნება კოალიცია, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებულ ხალხს მოუწევთ კომპრომისები. სწორედ იმიტომ, რომ ამომრჩეველმა იცოდეს რაზე ვთანხმდებით, მიმდინარეობს დისკუსიები სასამართლო სისტემის ცვლილებებზე. როგორი განსხვავებებულებიც არ უნდა ვიყოთ, უნდა ვიცოდეთ ცვლილებები რა სახით გატარდება“, - განაცხადა ბოკერიამ.
„ედისონ რისერჩის" კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა (89%) არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
მათგან 29% თქმით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა;
17% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას";
6% - „ევროპულ საქართველოს";
4-4% კი, „ლეიბორისტულ პარტიას" და „პატრიოტთა ალიანსს";
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: „ლელო" – 3%; „სამოქალაქო მოძრაობა", „ახალი საქართველოსთვის" და „დემოკრატიული მოძრაობა" – 2-2%; „გირჩი" - 1%;
ასევე თითო პროცენტი აქვთ კახა კუკავას , „თავისუფალ საქართველოს", ეკა ბესელიას პარტიას „სამართლიანობისთვის" და ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებულ საქართველოს";
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 28%-ს ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.