ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისული გეგმების ნაკლოვანებებზე საუბრობენ - კერძოდ, საქმე თვითდასაქმებულებს ეხება.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, ანტიკრიზისული გეგმა, შესაძლოა, კორუფციის წყარო გახდეს.
„თითონ პროცესი და ის ტექსტი რაც გვითხრეს, რომ უნდა დაასაბუთონ თვითონ ვის ეკუთვნის და ვის არა, მერე გვითხრეს, რომ ვინც მუშაობს ფიზიკურ პირებზე იმათ არ ეკუთვნითო. ეს ნიშნავს უკეთეს შემთხვევაში ქაოსს და გაჭიანურებას. მით უმეტეს, გაირკვა, რომ ნელ-ნელა აპირებენ ამ ყველაფერს. უარესს შემთხვევაში, ეს იქნება კორუფციისა და ნეპოტიზმის წყარო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რა დამოკიდებულება აქვს ივანიშვილის გუნდს ამ გამოწვევის მიმართ“, - განაცხადა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ დასახმარებელთა რაოდენობა არ შეესაბამება დღევანდელ რეალობებსა და საჭიროებებს.
„ანტიკრიზისული გეგმა არის ბუნდოვანი. ის არ არის სამართლებრივად და ფინანსურად უზრუნველყოფილი არაა, რადგან ბიუჯეტი არ შემოსულა პარლამენტში. მისი აღსრულების მექანიზმი გაიწელება დროში. ანტიკრიზისული გეგმა არის დისკრიმინაციული. იგი ადამიანებს ყოფს ორ ნაწილად - აღრიცხულად და აღურიცხავებად. 850 000 ადამიანი, რომელიც თვითდასაქმებულია, მთავრობის მიერ მეორეხარისხოვნადაა ჩათვლილი და მათი დახმარების ოდენობა და ასევე, დასახმარებელთა რაოდენობა არ შეესაბამება დღევანდელ რეალობებსა საჭიროებებს“, - აცხადებს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 300-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან მიიღებენ მხოლოდ ის თვითდასაქმებული პირები, ვინც იურიდიული პირის გაცემულ ცნობას წარადგენს.
თამილა ბარკალაიას განცხადებით, ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები ვერ წარადგენენ ცნობას სამუშაო ადგილის შესახებ, მათი აღრიცხვაც სირთულეებთანაა დაკავშირებული.
იხილეთ ვის დაეხმარება სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში.