logo
ENG



ბოკერია ვაშაძის განცხადებაზე: გაუგებარი და დამაბნეველია, ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება

10 ნოე 202014:07
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გაუგებარსა და დამაბნეველს უწოდებს. ვაშაძემ ოპოზიციას პროცესის მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანისკენ მოუწოდა

ბოკერია ამბობს, რომ ევროპული საქართველოს პოზიცია არ შეიცვლება. 

"რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი განცხადებაა და დამაბნეველი, ველოდებით თვითონ ამ პარტიისგან, ნაციონალური მოძრაობისგან და მისი თავმჯდომარის მკაფიო განმარტებას, რას გულისხმობდა და ცვლილებაა თუ არა მათ პოზიციაში. ევროპული საქართველოს პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად პარლამენტში შესვლა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში", - თქვა ბოკერიამ.

ვაშაძე განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესები ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე იქნას გადატანილი:

"მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად", - ამბობს ვაშაძე.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მანდატებზე უარს ამბობენ.


close დახურვა