logo
ENG



ბოკერია თალაკვაძეს - თუ ივანიშვილი მართლა გონს მოდის, უთხარით, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას

03 მარ 202018:17
3 წუთის საკითხავი
 
nll46oy5vbh7fgy.jpg

„მას და ყველა მისნაირს მინდა ვურჩიო, ივანიშვილს უთხრან, რომ თუ მართლა გონს მოდის, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც ოპოზიცია ვაჭრობაში დაადანაშაულა.

ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიცია კომპრომისის მიღწევით დაინტერესებულია, თუმცა ორი ძირითადი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

„არ მომისმენია თავიდან ბოლომდე ამ გამორჩეული კლოუნის გამოსვლა, მაგრამ რაც მითხრეს სრული აგონიის და ისტერიკის შთაბეჭდილება მრჩება. ჩვენი პოზიცია არის იგივე, რაც იყო. ჩვენ გვსურს განმუხტვა ვითარების, ნორმალიზაცია და ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები ივანიშვილისგან. ეს არის პოლიტპატიმრების გამოშვება და არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. გასაკეთებლად ეს მარტივია, თუ პოლიტიკური ნება არსებობს. ამიტომ ბატონ თალაკვაძეს და ყველა მისნაირს მინდა ვურჩიო, თუ რამე სიტყვა ეთქმით, ამბის მიტანის თვალსაზრისით მაინც ივანიშვილს უთხრან, რომ თუ მართლა გონს მოდის და დაფიქრდა მაინც, რომ მის ინტერესშიც არის გონს მოსვლა, მაშინ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს რაღაც ზოგადი საუბარი, სადღეგრძელოები და იმის იმედად ყოფნა, რომ ვიღაცა მოტყუვდება ან რაღაც ინტრიგებით შედეგს მიაღწევს, არის სისულელე. გადადგას ნაბიჯები რეალური კომპრომისისთვის, რასაც თავად დაპირდა ხალხს. ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ეს მოხდეს, რადგან ქვეყნისთვის ასე ჯობია. ამის შემდეგ, შედარებით ნორმალურ საარჩევნო კამპანიაში ჩვენ დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას და მერე უნდა შეეგუოს ამომრჩევლების ნებას. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, როცა ივანიშვილს დავამარცხებთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიცია ვაჭრობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ვაჭრობს მანდატებით, ინტერესებითა და ხალხის ხმებით. ასევე, თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი „სატელიტები“ ცდილობენ, ოპოზიცია მძევლად აიყვანოს, რათა საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებები არ შედგეს. 


close დახურვა