logo
ENG



ბოკერია ლავროვის შესაძლო ვიზიტზე:საზოგადოებას უმწვავესი რეაქცია ექნება

29 იან 202017:23
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური  პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება დიპლომატიურ უვიცობა იყო. მათი აზრით, ოკუპაციის პირობებში, მსგავსი პოზიცია მიუღებელია. 

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს ქართველი ხალხის მხრიდან უმწვავესი რეაქცია ექნება.

„კანონს დავარღვევთო. ეგეთი რამ არ არსებობს. მაშინ უნდა თქვა, რომ კანონს შეცვლი. მეორე, ისიც არ იცის, რომ ამას არ სჭირდება კანონის დარღვევა, მთავრობას აქვს დისკრეციული უფლება, რომ გააკეთოს გამონაკლისი. ამაზე თქვა, რომ ხალხს არ მოეწონებაო. არ მოეწონება კი არა, უმწვავესი რეაქცია ექნება“, - განაცხადა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს და აცხადებს, რომ ლავროვის შემოშვებას საქართველოში არავინ აპირებს. 

„ის, რაზეც პრეზიდენტი საუბრობს, რომ საერთაშორისო სამართლის ნომრებს ეწინააღმდეგება, არის აბსურდი და დიპლომატიური უმეცრება, რადგან საერთაშორისო სამართალი პირდაპირ ცნობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. მე შემიძლია გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება, რომ მოეგონ გონს, რადგან ლავროვის აქ შემოშვებას არავინ აპირებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია.

„სირცხვილია და ვფიქრობ, ამ ქალბატონმა ვადაზე ადრე უნდა დატოვოს საპრეზიდენტო პოსტი. ეს არის საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი. ჩვენ გყვავს რუსეთის აგენტი საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაისში ევროსაბჭოს ასამბლეის ფარგლებში ქვეყანა გვერდს აუვლის ეროვნულ კანონმდებლობას და ყველა ქვეყნის დელეგაციას მიიღებს .


close დახურვა