პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა გრძელდება. თითქმის 6 წლიანი გამოძიების შემდეგ, სასამართლო დარბაზში, გიგა ბოკერიას დაკითხვა საქალაქო სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბოკერიამ ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცა.
გამოძიება იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესაძლო ფაქტზე. გამოძიება ბოკერიას საიდუმლო მუხლებს ედავება, არადა უშიშროების საბჭოს საქმიანობის ნაწილი გრიფით საიდუმლოა.
სასამართლოში პროცესს ზედამხედველობას, ზვიად შანიძე უწევს, ეს სწორედ ის მოსამართლეა, რომელიც ცოტა ხნის წინ დააწინაურეს და რეგიონიდან თბილისში გადმოიყვანეს.
პროკურატურამ ბოკერია 15 დეკემბერს დაიბარა, თუმცა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა და ის დღეს მაგისტრი მოსამართლის, თანდასწრებით დაკითხეს.
ბოკერია გამოძიების დაწყებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს, ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ პროკურატურას დევნის ინსტრუმენტად იყენებს.
საქმის გამომძიებელი საქმის დეტალებზე არ საუბრობს.
გიგა ბოკერია ამ საქმეზე უკვე მეორედ გამოიკითხა. პირველი ჩვენება მან 2014 წელს მისცა, მეორე კი 2019-ს მიწურულს. საგამოძიებო უწყების გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ თითქმის 6 წელი მათ დამატებითი მტკიცებულებების მოსაგროვებლად დასჭირდათ.