logo
ENG



ბოკერია უგულავას საქმეზე - ეს ყველაფერი ივანიშვილის კატასტროფული მარცხით დამთავრდება

10 თებ 202018:57
3 წუთის საკითხავი
 

უზენაესი სასამართლოს მიერ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას მისი თანაგუნდელი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მუქარის შემდეგ, ყველასთვის ნათელი იყო, რომ უგულავა სიაში მოწინავე რიგებში იქნებოდა.

„იმ მომენტიდან, როცა ივანიშვილმა და მისთვის ჩვეული უტიფრობით თქვა, რომ მალე ბევრი პოლიტიკური ლიდერი ისევ აღმოჩნდება ციხეში დიდი ხნით, ყველასთვის ნათელი იყო, რომ გიგი უგულავა იქნებოდა ამ სიაში მოწინავე რიგებში, ობიექტური მიზეზების გამო. ამაში არ ცდებოდა და არ ცდება ივანიშვილი, რომ გამორჩეული ლიდერი იყოს სამიზნე პირველ რიგში. რაშიც ის ცდება, ცდება მწარედ და მათთვის პერსონალურად ტრაგიკულად, არის ის, რომ ამ რეპრესიით, შეძლებს ან ამ ლიდერის, გიგი უგულავას პოლიტიკური პოზიციის გატეხვას, ან საზოგადოების პროტესტის ჩახშობას“, - განაცხადა ბოკერიამ.

მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაცია შეუძლებელი გახდა.

„ეს ნაბიჯი არის ცუდი საქართველოსთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი ციხეში მიდის, არა მხოლოდ იმიტომ რომ მორიგ ჯერზე გვაჩვენონ, რომ სასამართლო არ გვყავს, არამედ იმიტომ, რაზეც ისაუბრეს აქ ჩემს წინ გამომსვლელებმა, რომ ამით მან შეუძლებელი გახადა ვითარების ნორმალიზაცია. ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია გავაგრძელებთ მცდელობას, რომ მეტი ზიანი ქვეყანას არ მიაყენოს ივანიშვილმა, მაგრამ ზიანი არის უზარმაზარი. ეს ყველაფერი დამთავრდება მისი კატასტროფული მარცხით და ყველა დღე იქნება ამ მარცხის ორგანიზებისთვის“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა