logo
ENG



ბოკერია ცქიტიშვილის ბრალდებაზე: ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ხელწერა და პოლიტიკური დაღი

24 ნოე 202017:22
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია ცქიტიშვილის ბრალდებაზე: ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ხელწერა და პოლიტიკური დაღი

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების ლიდერების ბრალდებას, თითქოს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ოპოზიციური აქციების ბრალია, სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკური დაღია. 

"რა შუაში იყო აქციები მეორე ტალღისთვის მომზადებასთან? მაგრამ ეს არის ხელწერა და მე ვიტყოდი, პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის და მისი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გარემოცვის. ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც, დიახ, ეწირება ადამიანების სიცოცხლე და მთელი ქვეყანა არის უმძიმესი სტრესის მდგომარეობაში", - ამბობს ბოკერია. 

დღეს ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა, მათ შორის, არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების მიერ დაწყებული პოლიტიკური კამპანიის და აქციების ბრალია. 

ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, არ დაეცვათ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული წესები. 

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როცა ვხედავთ ასეთ აქციებს, ასეთ აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არავითარი წესების დაცვა არ ხდება, პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ შეიძლება არ აისახოს ამ რიცხვებში და სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც გვაქვს", - განაცხადა ცქიტიშვილმა. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 39 ადამიანი. 


close დახურვა