საგარეო საქმეთა სამინისტრო, საფრანგეთი გერმანიის საგარეოს საქმეთა სამინისტროების გზავნილის გამოქვეყნებისგან თავს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ წერილის არსებობას ადასტურებენ, მის გასაჯაროვებაზე უარს ამბობენ.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, წერილების დამალვას აზრი არ აქვს, რადგან საქართველოს ყველა დაინტერესებულმა მოქალაქემ იცის თუ რა ხდება სინამდვილეში.
„ჩრდილოეთ კორეული მიდგომაა, რომ თუ დამალავ, ეს რამეს შველის. ყველას გვესმის თუ როგორი ტალღა შეხვდათ ლეგიტიმურად საქართველოს მეგობარი ქვეყნებისგან ივანიშვილსა და მის მასხარებს. ახლა საქართველოს ყველა დაინტერესებულმა მოქალაქემ იცის, რომ ეს ხდება. წერილები რომ კრიტიკულია ვიცით და რა აზრი აქვს ამის დამალვას?“, - განაცხადა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას თქმით კი, ხელისუფლება ფიქრობს, რომ წერილების დამალვით საზოგადოებას რეალობას დაუმალავენ.
"პირველი შემთხვევა არაა, რომ მთავრობა მალავს წერილებს. საბჭოთა დროს, რომ ფოსტიდან იპარავდნენ წერილებს კომუნისტები, ამას მაგონებს ეს. რა თქმა უნდა, ეს წერილი გახდება ცნობილი და ცხადია, ეს წერილი იქნება კრიტიკული მთავრობის მიმართ, ისევე როგორც ყველა სხვა წერილი, რომელიც გიორგი გახარიამ მიიღო. ისინი ფიქრობენ, რომ წერილების დამალვით საზოგადოებას რეალობას დაუმალავენ",-აცხადებს თინა ბოკუჩავა.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა, რადგან ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სმაინისტროები ერთდროულად აგზავნიან წერილებს.
„მე ასეთი პრეცენდენტი არ მახსოვს, რომ საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთდროულად აგზავნიან წერილს. ეს არის ძალიან მძიმე, მით უმეტეს იმ ფონზე, რორომ ასოცირების შეთანხმების რეზოლუცია ქართულმა ოცნებამ ჩააგდო. ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება პარტნიორი სახელმწიფოებისგან მიღებულ კრიტიკულ წერილებს ისევ მალავს. ოპოზიციის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყებამ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებისგან წერილი მიიღო, მაგრამ იმის გამო, რომ მიმართვა სავარაუდოდ, საკმაოდ მწვავე და კრიტიკულია, ხელისუფლებამ მისი გასაჯაროება არ მოისურვა.