logo
ENG



ბოკერიამ გაასაჯაროვა მაჟორიტარების გადანაწილების ორი სქემა, რომელსაც ენმ-ს სთავაზობენ

28 ივლ 202016:52
3 წუთის საკითხავი
clock 841
olkyia83q3o21nt.jpg

ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრესკონფერენციაზე საერთო მაჟორიტარებზე ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკების დეტალები გაასაჯაროვა. 

ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო, სხვა პარტიებთან ერთად, ენმ-ს შეთანხმების ორ ვარიანტს სთავაზობდა. ერთერთი შეთავაზების მიხედვით, ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი კანდიდატები უნდა დაეყენებინა ყველა დიდ ქალაქში, დანარჩენ ოლქებში კი მხარი სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისთვის დაეჭირა:

„ერთი არის ფართო ვარიანტი, როცა ვთანხმდებით, ჩვენ, ვინც თბილისში შეთანხმების მონაწილეები ვართ, რომ ნაციონალური მოძრაობა აყენებს კანდიდატს ყველა დიდ ქალაქში. აქ არის სია: თელავი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი ან მარტვილი, ბოლნისი, გორი ქობულეთი, ჭიათურა. ხოლო ნაციონალური მოძრაობა უჭერს დანარჩენი პარტიების კანდიდატებს შემდეგ ოლქებში: თერჯოლა, სამტრედია, ხელვაჩაური, ზემო აჭარა, ფოთი ან მარტვილი, ხაშური, მცხეთა-მთიანეთი, გურია, რაჭა. ციფრი რომ გითხრათ - 11/8-ზე", - განაცხადა ბოკერიამ. 

ბოკერიას თქმით, შეთანხმების ე.წ ფართო ვარიანტზე ვერშეჯერების შემთხვევაში, ევროპული საქართველო ენმ-ს ორ პარტიას შორის ვიწრო შეთანხმებასაც სთავაზობდა:

„ჩვენ ვუთმობდით მათ ყველა დიდ ქალაქში კანდიდატს: ქუთაისი, თელავი რუსთავი, გორი, ახალციხე და ა.შ. 8 ოლქში ვუთმობდით, მათგან ვითხოვდით მხარდაჭერას მხოლოდ 4 ოლქში, სადაც ჩვენ ძლიერი კანდიდატები გვყავს, ეს არის: ტარიელ ნაკაიძე - ზემო აჭარაში, გიგი უგულავა - მარტვილში ან ფოთში, გიგი წერეთელი - თერჯოლა-ზესტაფონში და კაკო ბობოხიძე - ხონში. ორივე ვარიანტს ვთავაზობთ", - განაცხადა ბოკერიამ. 

ბოკერიას თქმით, შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაში რჩება რამდენიმე დღის განმავლობაში, აქტიურ საარჩევნო კამპანიაში შესვლის შემდეგ კი შეთანხმება ვეღარ მოხერხდება. 

„დრო რჩება ძალიან ცოტა, სულ რამდენიმე დღე, შემდეგ უკვე საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის", - განაცხადა ბოკერიამ. 

ბოკერია აცხადებს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირველი ტურების შემდგომ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოიკვეთოს, რათა ქართულ ოცნებას მეორე ტურებამდე შიშის დათესვის შესაძლებლობა აღარ მიეცეს. 

„ივანიშვილის დამარცხება მოხდება აუცილებლად შემდეგი ოქტომბრის არჩევნებში, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან კარგად გვესმის, რომ ივანიშვილისნაირი უპასუხისმგებლო ნევროზული რეჟიმის პირობებში ძალიან მაღალია რისკები, თუ მეორე ტურამდე არჩევნების ბედი არ არის გარკვეული. გვახსოვს, როგორი რეაგირება ჰქონდათ მათ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე", - განაცხადა ბოკერიამ. 

საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების საკითხზე დისკუსია გუშინ, 27 ივლისს გიგი უგულავამ განაახლა. მისი თქმით, ენმ-მ თბილისს გარეთ 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის დაყენება გადაწყვიტა. ენმ-ის გადაწყვეტილების პარალელურად, უგულავამ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა. 

დღეს ენმ-ს ერთერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარების ნაწილი გადამწვყეტი არ არის, მისი თქმით, მთავარი პარტიების მიერ პროპორციული სიით დადებული შედეგი იქნება. 

ამ დროისთვის ენმ-სა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში მოხერხდა.  დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია.


close დახურვა