logo
ENG



ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა, გიორგი გაბუნია დაზარალებულად სცნეს

27 ნოე 202015:27
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ვასამბეგ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა, ხოლო მთავარი არხის წამყვანი, გიორგი გაბუნია დაზარალებულად სცნეს.

სუს-ის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - მაგომედ გუციევი.

უწყება ასევე აცხადებს, რომ გუციევმა ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

აღნიშნული პირი სისტემატურად ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას, უთვალთვალებდა და მის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით [ადევნება], 157-ე მუხლის პირველი ნაწილით [პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა], 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა [საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა] და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით [ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება] გათვალისწინებული ქმედებებისათვის.

საქმე ეხება ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. 2020 წლის ივნისში კონტრტერორისტულმა სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვის სახელით ერთი პირი დააკავა.

პირველ ეტაპზე უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული ყალბი დოკუმენტაციის დამზადებისა და გამოყენებისთვის აიყვანეს.

მეორე დღეს ფორმულამ გაარკვია, რომ წარმოშობით ინგუში კაცი სუს-მა ადამიანის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე აიყვანა. ფორმულამ გაარკვია ისიც, რომ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პუტინის საჯარო გინებისთვის გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის სახელს დაუკავშირდა. გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადება თვეების განმავლობაში იგეგმებოდა. ამის შესახებ პირველად ინფორმაცია უკრაინულმა სპეც. სამსახურებმა გაიგეს, დააკავეს ერთი პირი და ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ქართველ კოლეგებს აცნობეს.


close დახურვა