ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, აშშ-ში როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის ლიდერშიპი ხაზს უსვამს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური არჩევანისკენ.
მოსახლეობისადმი მიმართვაში ბოკუჩავამ კვლავ აღნიშნა, რომ "26 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში ან სიღატაკეს იზოლაციაში".
ბოკუჩავას თქმითვე, "ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში გარდაუვალია საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას".
"აშშ-ში ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც მოხდა დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატებად წარდგენა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შეგვიძლია აღვადგინოთ საქართველოს საერთაშორისო პოზიციები.
ჩვენ შევხვდით სენატორებს კონგრესმენებს, გუბერნატორებს და ყველამ რესპუბლიკური თუ დემოკრატიული პარტიების ლიდერშიპი ამბობს, რომ საქართველოში კარი ღიაა, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკური არჩევანი ერთი ხელის გაწვდენაზეა და სწორედ ჩვენზეა ამ პერსპექტივის რეალიზება 26 ოქტომბერს. ივანიშვილი თავად შეშინებული, ვერშემდგარი დიქტატორია, რომელიც თავად აკვარიუმით გადაადგილდება. რომელსაც ეშინია პუტინის, ეშინია დასავლეთის, მაგრამ ყველაზე მეტად ტრაგიკული ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ხალხის ეშინია.
თავად დამფრთხალი ივანიშვილი ახლა ცდილობს, საზოგადოება დახლიჩოს, დათესოს დაპირისპირება, შიში და სწორედ ამ ყალბ შიშზე პარაზიტირებით, შემდეგ არჩევნებით შეინარჩუნოს ძალაუფლება. მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილისა და ქართული ოცნების დრო ამოიწურა. ამოიწურა ქართველი ხალხის მოთმინებას და ნდობა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მიმართ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში და უარს ეტყვის სიდუხჭირეს, გაჭირვებას, უპერსპექტივობასა და სიღარიბეს იზოლაციაში. როგორც არასდროს, მჯერა გამარჯვების"- თქვა ბოკუჩავამ.