გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სპეცრაზმით მომიტინგეებს ვერ შეაშინებს.
„არ გამოვრიცხავთ, რომ გაგრძელდეს მშვიდობიანი, არაძალადობრივი შენობების პიკეტირება. ჩვენ ვიბრძოლებთ მტკიცედ და მშვიდობიანად. სპეცრაზმით ივანიშვილი ვერავის შეაშინებს. ივანიშვილმა მიაღწია, რომ განსხვავებული პოლიტიკოსები გააერთიანა. მუხტი იფეთქებს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ," - განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ. ულტიმატუმის ვადა 16:40 საათზე ამოიწურა.
ამის შემდეგ სპეცრაზზმა აქციის მონაწილეები დაშალა და რუსთაველის გზის სამანქანო გზა კარვებისგან გაათავისუფლა, ხოლო პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა.