logo
ENG



ბოკუჩავა: ითქვა, თითქოს პარლამენტში შესვლის მომხრე ვარ, არადროს ეს არ მითქვამს

09 დეკ 202001:38
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/09/4eweynsx0qsotut.jpg

ენმ - გაერთიანებული ოპოზიციის წევრი თინა ბოკუჩავა ტელეკომპანია მთავარის ეთერში ნათქვამს, თითქოს ის პარლამენტში შესვლის მომხრეა, პასუხობს და ამბობს, რომ მსგავსი პოზიცია არასოდეს ჰქონია. 

ბოკუჩავა Facebook-ზე წერს, რომ მუდამ ნაციონალური მოძრაობის პოზიციაზე იდგა და დასძენს, რომ პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ასე აპირებს გააგრძელოს. 

"მინდა გამოვხმაურო დღევანდელ გადაცემას მთავარ არხზე, სადაც ითქვა, რომ თითქოს მე ვარ პარლამენტში შესვლის მომხრე, აზრი რომელიც ეთერებში თურმე დამიფიქსირებია", - წერს ბოკუჩავა, - "არსად, არც ერთ გადაცემაში, არასოდეს დამიფიქსირებია მსგავსი პოზიცია. 8 წლიანი პოლიტიკური საქმიანობის მანძილზე ვიყავი იქ სადაც იყო ნაციონალური მოძრაობა, ბრძოლის წინა ხაზზე. ასე იყო და ასე იქნება, სანამ ვიქნები პოლიტიკაში". 

ბოკუჩავას განცხადებას ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია პასუხობს. გვარამია წერს, რომ ბოკუჩავა პარლამენტში "რადიკალურ არშესვლას" არ ეთანხმებოდა და სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში პარლამენტში შესვლის პოზიტიურ მხარეებზე დაუფარავად საუბრობდა.

"მოუწოდებდი სხვებს, რომ ამაზე მუშაობა ღირს. თუმცა იმ დათქმით, რომ მთავარ საკითხებზე უარი არ უნდა ითქვას. რა არის ამაში ან სამარცხვინო, ან დასამალი?", - წერს გვარამია. 

"არა, ნიკა. არა "შესვლის", არამედ შესაძლო შეთანხმების პოზიტიურ მხარეებზე ვსაუბრობდი", - პასუხობს ბოკუჩავა", - "თუ ასეთი შედგა და არა იმას, რაც ითქვა"

ენმ - ნაციონალურმა მოძრაობამ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ ბლოკის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის არცერთი წევრი პარლამენტში არ შევიდოდა. 

"ანუ ნაციონალური მოძრაობა არ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის. არანაირი წინადადება ქართული ოცნების მხრიდან არ მიგვიღია, ელჩების მეშვეობით, რომელიც გადაწყვეტილებას შეგვაცვლევინებდა", - განაცხადა ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ ოპოზიციური სპექტრის ყველა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთობლივი გადაწყვეტილების გარეშე არცერთი პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მათი თქმით, ხვალ, 10 დეკემბერს მოლაპარაკებების მე-5 რაუნდისთვის დაიწყება მზადება. 

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე კი 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, პარლამენტის შეკრების დღეს ოფიციალურად განაცხადებენ უარს სადეპუტატო მანდატებზე. 

ქართული ოცნების გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძე პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან აცხადებს, რომ მმართველი გუნდი სპეციალურ მექანიზმს აამოქმედებს, რათა პარტიებს გადაწყვეტილების შესაცვლელად მეტი დრო მისცეს. 


close დახურვა