logo
ENG



ბოკუჩავა: მივიღეთ გადაწყვეტილება, თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია უნდა გაიმართოს

07 ოქტ 202118:45
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/07/fm5qnk7tczr87qz.jpg

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოზე თბილისში მასშტაბური აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ საზოგადოებას აქციის თარიღს უახლოეს დღეებში გააცნობენ.

"მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ უნდა გაიმართოს ფართომასშტაბიანი აქცია თბილისში. მიუხედავად იმისა, იცით, რომ რუსთავის ციხესთან, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება აქციები და არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც აცნობიერებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და ვლადიმერ პუტინის ოცნების ასრულება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის ქვეყნის სირცხვილი და ქვეყნის თითოეული მოქალაქის სირცხვილი, გააგრძელონ საპორტესტო აქციები, იქნება ეს რუსთავის ციხესთან თუ ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე​​პარტიის ორგანიზებით იქნება დიდი აქცია თბილისში. კონკრეტულ თარიღს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას", - თქვა ბოკუჩავამ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. შსს კი ამტკიცებდა, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დაპატიმრების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ექსპრეზიდენტს საკანში დღემდე არ აქვს ტელევიზორი და ლეიბი. მათი შეფასებით, ხელისუფლება ყოფითი პირობების გაუარესებით ცდილობს, სააკაშვილს დისკომფორტი შეუქმნას.


close დახურვა