პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს დღეს მოუსმენენ. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, შოთაძის კანდიდატურის წამოყენება ასახავს რეალობას, თუ როგორ არაფრად აგდებს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების აზრს.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, შოთაძის თანამდებობაზე დაბრუნება აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არავის ენდობა.
„მან ხელმეორედ შეარჩია შოთაძე. ადამიანი, რომელიც იმ ტიპის სკანდალში გაეხვია, იმხელა შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, როდესაც ხორავას ტრაგედიის დროს აშკარად პოლიტიკურად პასუხისმგებელი იყო გამოძიებისას ხელის დაფარებაზე და გამოძიების გაფუჭებაზე ისე, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებიც აღშფოთდნენ და მოუწია გადადგომა. ივანიშვილი ისეთ კრიზისშია, რომ არავის ენდობა, ამხელა შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას და ისევ იგივე ადამიანს გვთავაზობს. ეს, უბრალოდ, გვაჩვენებს თუ რამდენად სასიცოცხლოა ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ეს მოხდება მომდევნო არჩევნებზე“, - აცხადებს ბოკერია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა კი არ გამორიცხავს, რომ დღეს კომიტეტის და ხვალისთვის დანიშნულ პლენარულ სხდომებზე რამდენიმე დეპუტატი შევიდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ პროტესტი პარლამენტის შიგნითაც იგრძნობოდეს.
„ცალსახაა, რომ ეს ადამიანი ხელს აფარებდა დანაშაულს და ის მოიხსნა საზოგადოებრივი წნეხის ფონზე. თუმცა, ივანიშვილს საზოგადოებრივი აზრი არ აინტერესებს, ვინც ყველაზე მონურად ემორჩილება, იმას ნიშნავს მაღალ თანამდებობაზე. დღეს შესაძლებელია, შევიდეთ კომიტეტზე. ასევე არ გამოვრიცხავთ ხვალაც შევიდეთ რამდენიმე დეპუტატი პლენარულ სხდომაზე არა იმიტომ, რომ დავარღვიოთ ბოიკოტის რეჟიმი, არამედ პროტესტი გამოვხატოთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა.
შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ამავდროულად, პარლამენტში შოთაძის მოსმენამდე მისი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.