ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა ოქტომბერში გადაიდება.
ბოკუჩავას თქმით, პარტია საქართველოსთვის დამატებით დროს ითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის პროცედურამდე, რომელიც თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს. მისი განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება გადაიწევა და გიორგი გახარიას პარტიის პოზიციას დაელოდებიან.
"ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა შეძლოს კონსოლიდაცია. ამიტომ, კეთილი, დაველოდოთ ამ ოპოზიციურ ფრაქციას, გადავდოთ საკითხის განხილვა ინტერპელაციის შემდეგ, ეს არის ოქტომბრის პირველი კვირა და ვმობილიზდეთ ყველა იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი ძალებით საგამოძიებო კომისია. ამ მომენტში, უდავოდ გამოჩნდება რეალურად რა სურს გახარიას, დანაშაულის გამოძიება, თუ დანაშაულის დაფარვა "ოცნებასთან" ერთად", - ამბობს ბოკუჩავა.
მისი თქმით, მანამდე ექსპერტებს შეხვდებიან და პარლამენტში, ინტერპელაციის პროცედურაზე ვახტანგ გომელაურსა და ირაკლი ღარიბავილს მოუსმენენ. ამასთან, ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ პარტია შოვში ჩასვლასაც გეგმავს და ყველა ოპოზიციურ პარტიას, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, შეუერთდნენ.
"ვთავაზობ მოძალადე და ყველაფრისმკადრებელ პაპუაშვილსაც კი, შემოგვიერთდეს და წამოვიდეს შოვში, ამჯერად ბახილების გარეშე. ჩვენი მიზანია, სიმართლის დადგენა და ჩვენ ყველა საპარლამენტო ბერკეტის გამოყენებით ვიბრძოლებთ ამ სიმართლისთვის", - აღნიშნა მან.
ნაციონალური მოძრაობა შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ 9 აგვისტოს, ბრიფინგზე განაცხადა. მან თქვა, რომ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული სისტემის არსებობის შემთხვევაში და მეორე იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან.
დეპუტატი აცხადებს, რომ ბიუჯეტის ხარჯების შესაძლო გაფლანგვა, შესაბამისი თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მონიტორინგის სისტემის დანერგვის ჩავარდა საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია. ბოკუჩავას თქმით, მეორე საკითხი, რომელიც უნდა შეისწავლოს კომისიამ სტიქიაზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტურობა და ადეკვატურობა.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. სტიქიის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. 2 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.