უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა.
საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისთვის და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობებით დასაშვები იყო ქვეყანაში შემოსვლა, არც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს.
„შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში და ასევე, იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“, - თქვა ბერდია სიჭინავამ.
კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. შოტლანდიაში ის უკვე 17 ადამიანს გამოუვლინდა. ამიტომ, ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდა, აიკრძალა შოტლანდიაში შესვლა და იქიდან გასვლა. ახალი შტამი კორონავირუსის უფრო სწრაფად გადადებას უწყობს ხელს.
თუმცა, მეცნიერების თქმით, აღნიშნული ახალი შტამი ვითარებას მკვეთრად არ ცვლის და სავარაუდოდ, ეპიდვითარებზე მცირე გავლენა აქვს. ასევე, მართალია, ჯერ კიდევ კვლევის ეტაპია, თუმცა, კორონავირუსის არსებული ვაქცინები, დიდი ალბათობით, ახალ შტამსაც გაუმკლავდება.