logo
ENG



ბოლო ერთ თვეში ოცნებიდან 10 დეპუტატი წავიდა

10 დეკ 201920:08
3 წუთის საკითხავი
 
m28as0vtqyceojo.jpg

პოლიტიკური თანაგუნდელები ალექსანდრე ერქვანიამ დღეს საჯარო ტრიბუნიდან ფარისევლებად მოიხსენია და „ქართული ოცნება“ დატოვა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, მმართველი გუნდის ყოფილმა დეპუტატმა მედიასთან ლაპარაკი აღარ ისურვა.

ალექსანდრე ერქვანიამ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს პატრიარქის და ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებში ბრალი ღიად დასდო.  ის აღმოჩნდა პირველი მმართველი პარტიის რიგებიდან, ვინც სასულიერო პირების შემდეგ, პატრიარქის წინააღმდეგ პოლიტიკურ შეთქმულებაზე ღიად ალაპარაკდა. მან პირდაპირ მიანიშნა ბიძინა ივანიშვილზე, როგორც პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმილი სცენარის  მონაწილეზე და ის ოცნების წევრებთან ერთად ეკლესიის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. 

ერქვანიას გუნდიდან წასვლა „ქართული ოცნების“ წევრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა მოულოდნელი აღმოჩნდა მისი საჯარო ხმაურიანი ბრალდებები. მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით, ალექსანდრე ერქვანია დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან არარეალურ ფაქტებსა და პროცესებზე საუბრობდა. ყოფილი თანაგუნდელების ნაწილმა ბრალდებებზე პასუხის გაცემა საერთოდ არ ისურვა. ერქვანიას განცხადებას რეაგირება არც სხდომათა დარბაზში მოჰყოლია​.

დეპუტატ ალექსანდრე ერქვანიას დღევანდელმა ბრალდებებმა ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს მეუფე იაკობის საჯარო ხმაურიანი ბრალდებები გაახსენა. პატრიარქის წინააღმდეგ პოლიტიკურ შეთქმულებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ საჯაროდ პირველად სწორედ ბოდბის მიტროპოლიტმა ისაუბრა და „ქართული ოცნება“ ილია მეორის ეკლესიიდან ჩამოშორების მცდელობაში დაადანაშაულა

მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, უმრავლესობის რიგები შესაძლოა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს. მათ შორის, ზაზა პაპუაშვილმა, ირაკლი აბუსერიძემ და კობა კობალაძემ.

ალექსანდრე ერქვანია პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით რჩება. ბოლო ერთ თვეში პოლიტიკური შეუთანხმებლობის გამო უმრავლესობის რიგები 10-მა დეპუტატმა დატოვა. 

 


close დახურვა