საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირაში Covid-19-ის გამოვლენილი შემთხვევების გამო ქვეყნის მასშტაბით 219 სკოლა და 493 ცალკეული კლასი ფიზიკურიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ამავე პერიოდში კორონავირუსი მასწავლებელთა 1.1%-ს და მოსწავლეთა 0.5%-ს დაუდასტურდა. ამ ეტაპისთვის აცრილთა წილი სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 69.3%-ა. მათი ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს სკოლის პერსონალის ტესტირება, როგორც ანტიგენის სწრაფი ტესტით, ასევე PCR ტექნოლოგიის გამოყენებით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო საზოგადოებას ვაქცინაციისა და ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 40 ადამიანი. ბოლო 7 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი არის 8,99%.