logo
ENG



ბოლსონარუს რვა წლით ბრაზილიის არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალა

30 ივნ 202322:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/30/zrqmht1wevve2ss.jpg

ბრაზილიის უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს რვა წლით არჩევნებში კენჭისყრა აუკრძალა.

ბოლსონარუ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნეს. მას ბრალად ედებოდა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ცრუ განცხადების გამო, თითქოსდა ელექტრონული ბიულეტენები ჰაკერებისა და თაღლითობის მიმართ დაუცველი იყო.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მის განცხადებებს არჩევნების შედეგებთან კავშირი არ აქვს.

თუ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ და სასამართლო მას ძალაში დატოვებს, ბოლსონარუ 2026 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა 2030-ში კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. გარდა ამისა, ბოლსონარუ 2024 და 2028 წლების მუნიციპალურ არჩევნებსაც გამოეთიშება.

ბოლსონარუმ გადაწყვეტილებას "ზურგში დარტყმა" უწოდა და თქვა, რომ ბრაზილიაში მემარჯვენე პოლიტიკის წინსვლისთვის მუშაობას გააგრძელებს.

საქმე ეხება ბოლსონარუს 2022 წლის განცხადებას, როდესაც ის ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო. მან თავის რეზიდენციაში უცხოელი დიპლომატები მიიწვია, სადაც განაცხადა, რომ ხმის მიცემის ელექტრონული მანქანები, შეიძლება დაჰაკონ ან გამოყენებულ იქნეს ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის. ბოლსონარუ ამტკიცებდა, რომ ის უბრალოდ განმარტავდა, როგორ მუშაობდა ბრაზილიაში არჩევნები და არ უფიქრია საარჩევნო სისტემაზე თავდასხმა.

ბოლსონარუ არჩევნების მეორე ტურში ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან დამარცხდა. ყოფილ პრეზიდენტს მარცხი არასდროს უღიარებია და ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე ფლორიდაში გაემგზავრა.

მისმა მხარდამჭერებმა, რომლებმაც უარი თქვეს არჩევნების შედეგების მიღებაზე, 8 იანვარს შეიჭრნენ ბრაზილიის კონგრესში, პრეზიდენტის სასახლეში და უზენაესი სასამართლოს შენობაში.


close დახურვა