საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი კიბერთავდაცვის მიმართულებით ბლოკის ქვეყნების მიღმა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერის გაძლიერებასაც გეგმავს.
ბორელის თქმით კიბერომი და კიბერთავდასხმები თანამედროვე ომის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, რაც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მაგალითზეც კარგად ჩანს.
ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, სამხედრო აქტორებს შორის უნდა შეიქმნას თანამშრომლობის სტრუქტურები და მექანიზმები, რომლებიც საფრთხეების ამოცნობას, მზადყოფნასა და საპასუხო რეაქციას უზრუნველყოფს.
მისი თქმით, იგეგმება ევროკავშირის კიბერთავდაცვის კოორდინაციის ცენტრის შექმნა, რომელიც კიბერთავდაცვასთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების ცენტრი იქნება. ასევე იგეგმება სწრაფი კიბერ რეაქციის ჯგუფებისა და კიბერთავდაცვის წვრთნებიც.
ბორელის თქმით, თანამედროვე ჯარისკაცების მომზადების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება კიბერთავდაცვაში წვრთნებიც, რადგან კლასიკურ ომს აქვს ახალი განზომილებაც, რომელთან ბრძოლისთვისაც, მხოლოდ სამხედრო წვრთნები არაა საკმარისი.
ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი ასევე გეგმავს ამ მიმართულებით პარტნიორ ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა გააძლიეროს.
“საჭიროა კიბერთავდაცვის სამუშაო ძალაში არსებულ ჩავარდნებს ყურადღება მივაქციოთ. საჭიროა გავწვრთნათ, ვასწავლოთ და ვივარჯიშოთ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ამ ბრძოლის ველზე იმუშავებენ. რადგან, უეჭველია, რომ ჩვენ გვჭირდება იმ ადამიანების რიცხვის გაზრდა, ვინც მზად იქნება ამგვარ ომში ჩართვისთვის, იმის ცოდნით, რომ კლასიკური ომი და ჯარისკაცის კლასიკური წვრთნა ვეღარ ერგება ომის ამ ახალ განზომილებას.
და ჩვენ ასევე გავაძლიერებთ მუშაობას ჩვენი პარტნიორების კიბერთავდაცვის შესაძლებლობების ზრდის მხარდასაჭერად.
ჩვენ ამას ევროპული მშვიდობის ფონდის დახმარებით ვაკეთებთ, მხარს ვუჭერთ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას და ვაპირებთ კიდევ უფრო დავწინაურდეთ სხვებთანაც, კონკრეტულად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, სადაც ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ალბანეთი კიბერთავდასხმების მსხვერპლია“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.