ბორჯომის ქარხნის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირების ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ განაცხადა.
შეთანხმებას კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა ახალ ხელმძღვანელთან, მერაბ ახმეტელთან მიაღწიეს.
გიორგი დიასამიძის თქმით, კომპანია იღებს ვალდებულებას თანამშრომლების ხელფასების ზრდასა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
როგორც დიასამიძე ამბობს, ბორჯომის ქარხანა იძლევა გარანტიას, რომ არ გამოიყენებს რეპრესიულ ღონისძიებებს გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების მიმართ.
ამასთან, ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს პროფკავშირებთან შრომის პირობებთან დაკავშირებით.
"იყო გარკვეული სახის აზრთა შეთანხმება, დაახლოება და ეს დღევანდელი დღით არ დასრულებულა. მასაც აქვს მზაობა იმის, რომ საკითხები იყოს განხილული. იმისთვის, რომ წარმოება უკეთესად განხორციელდეს, კიდევ გაგრძელდება მუშაობა პროფკავშირების ჩართულობით", - ამბობს გიორგი დიასამიძე.
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.