დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სუს-მა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები ღამის საათებში, ქრთამის აღების დროს დააკავა. როგორც სუს-ი აცხადებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გოგიჩაიშვილი, რომელიც საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის" კვოტით მოხვდა, ბიზნესმენს 200 000 ლარს სანაცვლოდ, განაშენიანების რეგულირების ახალი გეგმის წარდგენასა და სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებისთვის სასურველი ფართის გადაცემას დაჰპირდა.
გამოძიების ინფორმაციით, პარალელურად არაკანონიერი გარიგება უკვე დადებული ჰქონდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს. ლევან ლიპარტიამ დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ 8000 ლარი ქრთამის სახით აიღო.
გამოძიების ვერსიის არ სჯერათ დაკავებულთა ახლობლებსა და მეზობლებს. ისინი მათ მხარდასაჭერად აქციებს აანონსებენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციაში კი დარწმუნებულნი არიან, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები მარტო არ მოქმედებდნენ და ისინი „ქართულმა ოცნებამ", უბრალოდ, გაწირა. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები და მერიის სხვა მაღალჩინოსნები.
მესამე სექტორში კი ფიქრობენ, რომ კორუფციის ნიშნები ქვეყნის მასშტაბით საგანგაშოა - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და დაიწყოს მუშაობა კორუფციის პრევენციის გზებზე.
ამ დრომდე უცნობია ბრალდებულთა პოზიცია - მედიასთან კომენტარებს არ აკეთებენ მათი უფლებადამცველები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ორშაბათს იმსჯელებს. სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაიწყება ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარის ადგილმონაცვლეობის პროცედურა, მერის თანამდებობას კი დროებით მისი მოადგილე შეასრულებს.