logo
ENG



ბოსნიაში ევროკავშირის მისიის ვერტმფრენის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

30 ოქტ 202610:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/30/ck8ubx6kzd9o41z.jpeg

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიის (EUFOR) კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. შემთხვევა იტალიური კონტინგენტის კუთვნილი CH-47 Chinook-ის ტიპის ვერტმფრენს უკავშირდება.

EUFOR-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფა 29 ოქტომბერს, ბრჩკოს რაიონში, სოფელ გორიცეს მახლობლად მოხდა. ვერტმფრენი გეგმიურ საწვრთნელ ოპერაციაში მონაწილეობდა, როდესაც ის ჩამოვარდა.

იტალიის მთავრობის განცხადებით, ბორტზე მყოფი ყველა პირი იტალიის მოქალაქე იყო. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი სამხედრო მოსამსახურე და წითელი ჯვრის ორი მოხალისეა.

თავდაპირველად შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით, საავადმყოფოში კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა. ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში სულ 12 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავებულთაგან 11-ის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ვერტმფრენი მინდორში ამობრუნებული დაეცა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

EUFOR-ში აცხადებენ, რომ ინციდენტის სრულყოფილი გამოძიება მიმდინარეობს. მისიის წარმომადგენლების განმარტებით, დამატებითი ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც შესაბამისი გარემოებები გადამოწმდება.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მომხდარს მძიმე დანაკარგი უწოდა.


close დახურვა