"ფეისბუკის" მიერ დაწესებული აკრძალვების შემდეგ სახელისუფლებო ტროლებმა ახალი სტრატეგიით შეუტიეს განსხვავებულ აზრს. წინასაარჩევნოდ შავ პიარში ჩართული ბოტები და ტროლები ამჯერად "ტვიტერსაც" მიადგნენ, სადაც სულ უფრო ხშირად ჩნდება კონგრესმენების და სენატორების უმწვავესი კრიტიკა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ. ამის ნათელი მაგალითი ადამ კინზინგერის ტვიტერის პოსტი იყო, რომელმაც უგულავას დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის, ამ ტვიტის ქვეშ ისეთი კომენტარებიც კი გაჩნდა, როგორიცაა უსაქმური კონგრესმენები. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სახელისუფლებო ტროლების გამოვლენის და დაბლოკვის ფეისბუკ-ოპერაციაში, აცხადებენ, რომ წინასაარჩევნოდ მოსალოდნელიც იყო მთავრობის შავი პიარის ამ ფორმით გააქტიურება, ამიტომ შესაბამისი აკრძალვები სოციალური ქსელის გიგანტისგან ისევ წინ არის.
უფრო ზუსტად, სახელისუფლებო ტროლები ბრუნდებიან, თუმცა უკეთესად შენიღბულები. ახალი ყალბი ანგარიშების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ტროლებს ცდილობენ უფრო მეტად რეალურები გახდნენ, მოიპარონ რეალური ადამიანების ფოტოები და საკუთარი თავის შესახებაც ბევრი წერონ. ასეთმა გვერდებმა ინფორმაციის გავრცელების ტაქტიკაც შეცვალეს. მანიპულაციური ვიდეოების, დეზინფორმაციული ახალი ამბებისა და ფოტომონტაჟის დახმარებით ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ მედიაორგანიზაციები არიან. ამის დასადასტურებლად კი ვებ-გვრედები შექმნეს.
მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი ტროლებისა და ბოტების მუშაობის ახალ სტრატეგიას მას შემდეგ აკვირდება, რაც "ფეისბუკმა" ხელისუფლებასთან დაკავშირებული 400-მდე ყალბი ფეისბუქ ანგარიში წაშალა. ის ამბობს, რომ ბევრი ანგარიში ფეისბუკის ჩატარებულ წმენდად გადაურჩა და ახლა დეზინფორმაციის კამპანიას არა მარტო ფეისბუკზე, არამედ ტვიტერზეც აგრძელებს.
სახელისუფლებო ტროლების ახალი სამიზნე "ტვიტერზე" იდენტური შინაარსის ტექსტებით ის კონგრესმენები და სენატორები არიან, რომლებმაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო ბევრჯერ გააკრიტიკეს. "ფეისბუკზე" მთავარი შეტევის ობიექტები კი მოძრაობა "ლელოს", "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერები არიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დისკრედიტაცია გიგი უგულავას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ამ ფონზე, ატლანტიკური საბჭოში არ გამორიცხავენ, რომ "ფეისბუკი" გამოძიებას გააგრძელებს და სახელისუფლებო ანგარიშებს ისევ გააუქმებს.
სახელისუფლებო გვერდები და ტროლები რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ, მათ შორის პარტიებზე თავდასხმა, დისკრედიტაციის კამპანიები და ინფორმაციული ხასიათის შენიღბული მოქმედება. სამართლიან არჩევნებში დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ არჩევნებისთვის მზადება ამ ფორმით დაიწყო და წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდება.
"ფეისბუკის" მორიგ გამოძიებას ელოდება ექსპერტი ბათუ ქუთელიაც. დეზინფორმაციული გვერდების სამიზნე ის სწორედ მაშინ გახდა, როცა "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობის" ლობირებაში დაადანაშაულა.
ფეისბუკი, რომ ტროლების წინააღმდეგ მუშაობას აგრძელებს, ისიც ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელმა 12 თებერვალს რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული ანგარიშები დაბლოკა. არასამთავრობო სექტორი აგრძელებს "ფეისბუკთან" მუშაობას წინასაარჩევნოდ სარეკლამო თანხების გამჭვირვალობისთვის. მათ აქვთ მოლოდინი, რომ 2020 წლის არჩევნებზე დეზინფორმაციაში დახარჯული თანხების მონიტორინგსაც შეძლებენ.