სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საქართველოს მთავრობისთვის "აბსოლუტური უბედურებაა".
ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ბრაიზამ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ პოლარიზაციის შემცირების ნაცვლად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებით ქვეყანაში ახალი კრიზისი შექმნა.
"რაც შეეხება სააკაშვილის დაპატიმრებას, ეს საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა.... იმის ნაცვლად, რომ მთავრობას პოლარიზაცია და პოლიტიკური კრიზისი დაემთავრებინა, მთავრობამ ახალი კრიზისი შექმნა, რომელმაც ის თავდაცვით პოზიციაში ჩააყენა. ვშიშობ, რომ ქართული პოლიტიკა კიდევ ერთხელ ძალიან ღრმა კრიზისშია", - ამბობს ბრაიზა.
მისი შეფასებით, სააკაშვილის პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული. მეთიუ ბრაიზას თქმით, ნებისმიერი ქვეყანა, სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტს აპატიმრებს, საერთაშორისო პრობლემებში ეხვევა.
"საქართველოს მთავრობას კრიზისი გადალახული ჰქონდა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ დააპატიმრეს პოლიტიკური ოპონენტი,მათი ყველაზე ძლიერი ოპონენტი და ოპოზიციური ლიდერი. ნებისმიერი ქვეყანა, სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ვაშინგტონში ხედავენ. ნებისმიერი ლიდერი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტს აპატიმრებს ავტომატურად აღიქმება, როგორც ანტიდემოკრატიული. ეს მხოლოდ რეპუტაციაზე არ მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია არაჯანსაღია, რომელშიც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკური მიზნებით აპატიმრებს", - აღნიშნა ბრაიზამ.
[გამოყენებულია ამერიკის ხმის თარგმანი]
მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის მე-18 დღეა ციხეში შიმშილობს.